როგორ იღებენ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას სომხურენოვანი მოსახლეობა – ახალციხე

March 31, 2020

რა იცის სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ კორანავირუსის შესახებ. აწვდის თუ არა მათ ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმაციას და რეკომენდაციებს მათთვის გასაგებ ენაზე და რამდენად იცავენ წესებს? ამ კითხვებით TOK TV ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას გაესაუბრა.

როზა ვარდანიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში ცხოვრობს. იგი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან რეკომენდაციები და ინფორმაცია არ მიუღია. ვირუსის არ ეშინია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას.

“არ მსმენია რომ ადგილობრივ თვითმმართველობას სოფელში გაევრცელებინა ინფორმაცია და რეკომენდაციები. არ მეშინია კორონავირუსის. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ ცხოვრებას და ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა თავი.”

იგივე სოფელში მცხოვრები 40 წლის დიასახლისი, სუსანა სარქისინი კორონავირუსზე ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს და თვლის რომ ვირუსი საშიშია, მაგრამ ზედმეტი პანიკა უარესია..

“ძირითადად ტელევიზიიდან ვიღებ ინფორმაციას და ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა წესები,ხშირად ვიბან ხელებს და ვიყენებ სპირტს.“

მარიამ კანანიანი 64 წლისაა, მას არ ახსენდება ფაქტი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას რეკომენდაციები და ინფორმაცია მიეწოდებინა მისთვის.

“არ მსმენია, რომ სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობიდან მოსულიყვნენ და ინფორმაცია გაევრცელებინათ, მაგრამ ახალციხეში ბუკლეტები დაგვირიგეს, რომლებზეც სომხურად ეწერა რეკომენდაციები. თავს ვიცავ ხელების ხშირი ბანვით და ტანსაცმლის ხშირი გამოცვლით. ინფორმაციას კი ნათესავებისგან ვიღებ.”

ასევე, TOK TV დაუკავშირდა ადგილობრივ თვითმმართველობას. მათი განმარტებით COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ თემში მერიის თანამშრომლები ავრცელებენ.

“მერიის წარმომადგენლები დადიან ყველა სოფელში. ინფორმაციას და რეკომენდაციებს აწვდიან ხალხს. ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას კი ურიგდება სომხურენოვანი ფლაიერები, რომლებზეც რეკომენდაციები წერია,” – განმარტავენ უწყებაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 4995 ადამიანი კარანტინის რეჟიმში და 278 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა მოთავსებული.

საქართველოს სრულ ტერიტორიაზე კი კარანტინია გამოცხადებული.

Leave a Reply