როდის და რა სახსრებით აღდგება ივლიტას დაზიანებული ტაძარი

March 2, 2021

​ახალციხის სოფელ ივლიტაში, ეკლესიის დაზიანებულ სახურავს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რეაბილიტაციას ჩაუტარებს, თუმცა უცნობია როდის და რამდენი თანხა გამოიყოფა ეკლესიის რეაბილიტაციისთვის.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საპატრიარქოსთან ერთად მარტი-აპრილის თვეში დაიწყებენ.

სოფელ ივლიტაში ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში, ნაგებია არეული წყობით, ასაშენებლად გამოყენებულია სწორკუთხა კვადრები, ნატეხი და რიყის ქვა, საფლავის ქვები. ოფიციალური წყაროებით ტაძარი სავარაუდოდ 1646 წელს არის აგებული.

“ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი წარმომადგენელი, რომელმაც პირველადი მონაცემები მოგვაწოდა. როგორც ირკვევა შენობაზე თოვლის ზემოქმედების შედეგად ჩაიქცა სახურავის ზედა ფენილი. ჯერ–ჯერობით დაზიანებები შიდა ინტერიერში გამოვლენილი არ არის, შესაბამისად სარეაბილიტაციოა მხოლოდ სახურავი. საპროექტო მონახაზებს შევადგენთ,, რათა საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდეს შესადგენად და სამუშაოები სავარაუდოდ აპრილში დაიწყება. რეაბილიტაციის დროს აქტიური კომუნიკაცია გვექნება საპატრიარქოსთან,” – ამბობს ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, თანხა სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას არ გვიკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახალციხეში ჩამონგრეული “სლესის” ციხის რეაბილიტაციასაც გეგმავს, რომელსაც “ქართუ ფონდი” დააფინანსებს. ბარამიძე ამბობს, რომ სამუშაოებს მაისის თვეში დაიწყებენ.

თავდაპირველად თემაზე მასალა მოამზადა სამხრეთის კარიბჭემ