როდის უნდა ველოდოთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას – რას ამბობს ხელისუფლება?

March 18, 2020

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ამ წუთებში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობას. სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა.

რა პროცედურაა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად?

კონსტიტუციაში ვკითხულობთ, რომ საგანგებო მდგომარეობა  შეიძლება გამოცხადდეს, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. ერთ – ერთ ასეთ შემთხვევად კი შეიძლება ეპიდემიაც განიხილოს.

საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით აცხადებს და ბრძანებას თანახელმოწერისთვის კვლავ პრემიერს უბრუნებს. როდესაც დოკუმენტს ხელს პრემიერიც აწერს საგანგებო მდგომარეობა ძალაში შედის. თუმცა, პროცედურული ნაწილის დასასრულებლად პარლამენტის მხარდაჭერაცაა საჭირო.

“ბრძანებაზე პრეზიდენტის და პრემიერის ხელმოწერის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა ავტომატურ რეჟიმში იწყებს ფუნქციონირებას , თუმცა მას სჭირდება პარლამენტის დასტურიც.”- განმარტავს საიას იურისტი მერაბ ქართველიშვილი TOK TV სთან საუბრისას.

ხვალ რომ საგანგებო მდგომარეობა გაცხადდეს რა შეიცვლება?

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას შესაძლებელია  შეიზღუდოს მოქალაქის კონსტიტუციური  უფლებები. მაგალითად,კონსტიტუციაში ვკითხულობთ,რომ შესაძლებლია შეიზღუდოს თავისუფალი გადაადგილება, აიკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, გამართვა.

შესაძლებელია სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაც , ასევე  შესაძლოა შეიზღუდოს მოქალაქის საკუთრების უფლებაც, მაგალითად კონსტიტუციაში ვკითხულობთ. “ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ”.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ხელისუფლებას ეძლევა საშუალება, რომ მანამდე რეკომენდაციების სახით გაცემული ნორმები სავალდებულოდ აქციოს. მაგალითად, გააკონტროლოს მოქალაქეთა გადაადგილების რეჟიმი, სათანადო ნებართვის  გარეშე აუკრძალოს საცხოვრებლის ან ადგილსამყოფელის  დატოვება.

პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილებას  კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას შსს იღებს.

საიას იურისტის მერაბ ქართველიშვილის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა  არ ნიშნავს, კონსტიტუციით აღიარებული ყველა უფლების ავტომატურად შეზღუდვას. იურისტის თქმით, პრეზიდენტი იგივე პრინციპით გამოსცემს დეკრეტებს თუ რა კონკრეტული უფლებები უნდა იყოს შეზღუდული.

“სავარაუდოდ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეპიდემიურ საფრთხეზე, ალბათ, შეიზღუდება შეკრება-მანიფესცატიის უფლება ან თავისუფალი გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვა “ იურისტის თქმითვე, შეკრების შეზღუდვის შემთხვევაში აკრძალვა გავრცელდება რელიგიურ რიტუალებზეც .

რაც შეეხება სიტყვის გამოხატვის  თავისუფლებას იურისტი ამბობს, რომ ხელისუფალს ამ შეზღუდვის დაწესების უფლებაც აქვს, თუმცა დასძენს, რომ ყველა შეზღუდვის მოტივი უნდა იყოს დასაბუთებული და დეკრეტის მიღებისას ჩანდეს გადაწყვეტილების მიზანი.

რა ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს?

საიას იურისტის ვახუშტი მენაბდეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში კონსტიტუციური კანონის მიღების პროცესი ჩერდება. მას ამის  დასტურად საქართველოს კონსტიტუციის არსებული ჩანაწერი მოჰყავს.

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე” (მუხლი 77, მე-7 პუნქტი).

როდის იყო მანამდე საქართველოში გამოცხადებული საგანაგებო მდგომარეობა?

საქართველოში საომარი მდგომარეობა 2008 წელს აგვისტოს ომის დროს გამოცხადდა. საგანგებო ვითარება კი 2006 წელს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ჯერჯერობით მთავრობას კორონავირუსთან საბრძოლველად ინსტრუმენტები გააჩნია. 18 მარტის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 38 დადასტურებული შემთხვევაა.

ავტორი:

ნატალი ნემსაძე.

Leave a Reply