“რუსული აქცენტი ჰქონდათ, დაემუქრნენ” – მკოიანის ადვოკატი დღეს მომხდარ აფეთქებაზე

August 21, 2020

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ძმის, მარტინ მკოიანის მანქანის აფეთქებას, მისი მიმართულებით განხორციელებულ მუქარას უკავშირებს.

„შემაშინეს და თავიანთი ნათქვამი შეასრულეს. გააკეთეს ტერაქტი და ააფეთქეს ჩემი ძმის მანქანა. მე ვთხოვე, რომ გენერალურ პროკურატურას განეხილა ეს საკითხი, მაგრამ რეგიონული პოლიცია იძიებს. როცა დეპუტატზე, პარლამენტის წევრზე მიმდინარეობს მუქარები და თავდასხმა ყველას გენერალური პროკურატურა იძიებს, ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა,“ – გვითხრა “ქართული ოცნების” დეპუტატმა.

ჩვენ ენზელ მკოიანის ადვოკატს, ტარიელ მურვანიშვილს დავუკავშირდით. „20 ივლისს დაურეკეს, რუსული აქცენტი ჰქონდათ. დაემუქრნენ, რომ თუ პოლიტიკიდან არ წავიდოდა წაართმევდნენ ოჯახის წევრს. ოთხი დღის შემდეგ ისევ დაურეკეს „WhatsApp“ მეშვეობით და 5 მილიონი დოლარი მოთხოვეს და უთხრეს, რომ თვალს ადევნებდნენ და აკონტროლებდნენ ყველა ნაბიჯს. ენზელი ფიქრობს, რომ მისი მოკვლა უნდათ ორი მოტივის გამო: პოლიტიკას ჩამოშორდეს და ფული გადაიხადოს. ამას უკავშირებს ამ აფეთქებას, რადგან წინა დღეს ამ მანქანით იმგზავრა და დღესაც ეგონათ მანქანაში ენზელი იჯდა.“

ადვოკატის თქმით, აფეთქების შედეგად დაშავებულია ენზელ მკოიანის ძმა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 229 მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

“ქართული ოცნების” დეპუტატის ადვოკატის თქმით: „ენზელ მკოიანი უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ გამოძიება სრულყოფილად , ობიექტურად და სწრაფად ვერ ჩატარდება.“

რა ეტაპზეა საგამოძიებო პროცესი? ამ კითხვით ჩვენ შსს-ს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply