სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი იზრდება

May 4, 2021

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” ვაქცინაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვაქცინით აცრილთა შორის ერთ-ერთი პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე გახლავთ.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი იზრდება. “სინოფარმზე” ვაქცინაცია რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 5 კლინიკაშია შესაძლებელი, რომელთაგან ოთხში რეგისტრირებულია 208 პირი. ყველაზე მეტი 150 ისევ ბორჯომშია და ყველაზე ნაკლები 1 პირი ადიგენის კლინიკაშია რეგისტრირებული.

ვაქცინაციის მსურველთა ფონზე სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ვაქცინების არასაკმარისი დოზებია შემოტანილი. ბორჯომის კლინიკის დირექტორის თქმით, მათ 126 დოზა ვაქცინა მიიღეს და ხვალ 30 პირი აიცრება.

ასპინძაში 378 დოზა “სინოფარმის” ვაქცინა შეიტანეს და ვაქცინაცია აქაც ხვალ დაიწყება.

რაც შეეხება ახალციხეს, ვაქცინაციის მსურველების მიუხედავად, “სინოფარმის” ვაქცინა აქ ჯერ არ შემოსულა. კლინიკის მენეჯერის თქმით, ვაქცინას ხუთშაბათს ელოდებიან და პროცესიც ამ დროისთვის განახლდება.

ახალქალაქში “სინოფარმის” 300 დოზა აქვთ, თუმცა ამ დრომდე ვაქცინაციის მსურველი არც მასზე და არც “ასტრაზენეკას” ვაქცინაზეა.

რამდენი დოზა ვაქცინა შეიტანეს ადიგენში? ჩვენს ზარებს არც კლინიკის მენეჯერი და არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი პასუხობს.

შეგახსენებთ “სინოფარმს” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღიარება ჯერ არ მიუღია. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყნაში 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზის თანახმად, ვაქცინამ 78,1% იანი ეფექტურობა აჩვენა.

დღეს კორონავირუსის  9 790 ჩატარებული ტესტიდან, ოფიციალურად დადასტურებული 788 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 12 სამცხე-ჯავახეთშია.