საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

June 6, 2021

საქართელოს საპატრიარქო სასამართლოს გადაწყევეტილებას, ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ბენეფიციარების გაყვანასთან დაკავშირებით, გასაჩივრებას აპირებს, – ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.

“გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.”

ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პანსიონატში სახალხო დამცველის მონიტორინგის შეზღუდვასთან დაკავშირებით მათთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკითხით მედია დაინტერესდა.

“ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გავრცელებული უნფორმაციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ.