სასმელი წყლის პრობლემა წალკაში-ადგილობრივები წყალს ბოთლებში იმარაგებენ

August 4, 2022

ავტორი:სოფიკო ქარცივაძე

ქალაქ წალკასა და  მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა ყოველი წლის ზაფხულში მწვავდება. განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში.

უნალექო ამინდები  პირდაპირ აისახა წყალმომარაგებაზე. მოქალაქეთა ნაწილი გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა წყალს მეურნეობის სარწყავად იყენებს და შესაბამისად ნაკადზეც აისახება. 

 როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობა და სოფლის მეურნეობაა, ხოლო მეურნეობას მორწყვა სჭირდება, თუმცა არც  სარწყავი სისტემა აქვთ და არც სასმელი წყლის მარაგია საკმარისი.

საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით. მათი ინფორმაციით,  წყალმომარაგების კომპანია ემსახურება ქ. წალკას და წალკის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს (აიაზმა, დარაკოვი, წინწყარო, საყდრიონი, განთიადი, სამება, ტბეთი, დაშბაში). Მათივე თქმით, წყალმომარაგების მაგისტრალი, რომელიც ქალაქ წალკას სასმელი წყლით უზრუნველყოფს, ასევე გადის აღნიშნულ სოფლებს, ზაფხულის სეზონზე აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები  სასმელ წყალს სარწყავად იყენებენ, რის გამოც ამ პერიოდში იკლებს არსებული დებიტი.  Კომპანიაში განგვიმარტეს, რომ შედეგად, მათ ზაფხულის სეზონზე, დაახლოებით ორი თვით გადაიყვანეს მომხმარებელი გრაფიკზე.

 მუნიციპალიტეტის რამდენ სოფელშია სარწყავი სისტემა მოწესრიგებული და რამდენი სოფელია სისტემის გარეშე? საკითხთან დაკავშირებით წალკის მერიამ მელიორაციის სამსახურში გადაგვამისამართა. მათი ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის ერთი სარწყავი მაგისტრალური არხია და სისტემით სარგებლობა მიმდებარე რამდენიმე სოფელშია შესაძლებელია. აქვე გვეუბნებიან, რომ სარწყავი არხებით სარგებლობისათვის მოსახლეობას შეუძლია განცხადებით მელიორაციის სამსახურს მიმართოს.

კითხვაზე საკმარისია თუ არა ერთი სარწყავი სისტემა მთელი მუნიციპალიტეტისათვის? მელიორაციის სამსახურში პასუხი ვერ მივიღეთ. Თუმცა სამსახურში დაგვიზუსტეს, რომ სამელიორაციო ახალი სარწყავი სისტემების მშენებლობა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.  Ამავე წყაროს ცნობით, ავრანლო-გუმბათის სარწყავ სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სარწყავი სეზონის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა რედაქციამ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო წესით გამოითხოვა. 

საჯარო ინფორმაციიაზე დაყრდნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, წყლის სისტემის მოწყობა რეაბილიტაციისათვის 6 600 034,36 ლარი გაიხარჯა, ხოლო 2021 წელს 1 876 980,49 ლარი. 

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, წყალმომარაგების სისტემა სულ მუნიციპალიტეტის 29 სოფელში მოეწყო. 

 მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე არჯევან-სარვანში და ბარეთში სასმელი წყლის რეაბილიტაცია მოხდება.