სასულიერო პირების ნაწილი კოვიდტესტზე კურთხევას ელოდება – სამცხე-ჯავახეთი

January 11, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

რამდენმა და რომელი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელმა ჩაიტარა კორონვირუსზე  ტესტი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები გვეუბნებიან, რომ მომართვიანობა ნაკლებია. ასევე, ამბობენ, რომ ზოგი სასულიერო პირი ჯერ საპატრიარქოსგან კურთხევას ელოდება. თავად საპატრიარქოში კი გვეუბნებიან, რომ ტესტირებას “განსაკუთრებული ნებართვა არ სჭირდება.”

რას ამბობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში?

  • ადიგენის და ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, რომ სასულიერო პირების მომართვიანობა ნაკლებია. ასევე ამბობენ, რომ მათი ნაწილი “საპატრიარქოსგან კურთხევას ელოდება.”

“როცა ჩვენ მივმართეთ გვითხრეს, რომ საპატრიარქოსგან ელოდებოდნენ პასუხს და დღემდე არ მოუმართავთ,” – გვეუბნება ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი.

“ტესტის აღება ნებაყოფლობითია, ძალას ვერავის დავატანთ. შევეხმიანეთ და გვიპასუხეს, რომ “თეთრ” მღვდლებს სჭირდებათ მხოლოდ ტესტირებაო, ზოგმაც კი საპატრიარქოდან გვჭირდება კურთხევაო,” – გვითხრა ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუიზან ქიმაძემ.

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტესტირება 10 სასულიერო პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთს დაუდასტურდათ.

“10 მართლმადიდებელ სასულიერო პირს ჩაუტარდათ ტესტი, არცერთს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ასევე ,გვყავს ორი სხვა კონფესიის წარმომადგენელი და გვაქვს კომუნიკაცია, რომ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართონ,” – ამბობს ბორჯომის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა რატიანი.

  • როგორც ხშირ შემთხვევაში, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
  • რაც შეეხება ახალქალაქს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ავეტის ტონაკანიანი გვეუბნება, რომ 89-მდე სასულიერო პირიდან ტესტი მხოლოდ სამმა ჩაიტარა.

“სულ სამი დაიტესტა. დაახლოებით 89 სასულიერო პირია ჩვენ მუნიციპალიტეტში. მე ნომრები არ მაქვს და არ შევხმიანებივარ.”

  • “8 კაცმა ჩაიტარა ტესტირება,” – გვითხრა ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ტიგრან ეგოიანმა და ტელეფონი გათიშა.

სულ რამდენმა სასულიერო პირმა გაიკეთა კორონავირუსზე ტესტირება, ინფორმაცია არ აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსს, ნინო ზედგინიძეს.