სახალხო დამცველის აპარატს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არ უშვებენ

April 16, 2021

ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის აპარატს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა, – ინფორმაციას “ომბუდსმენი” ავრცელებს. აქვე ვკითხულობთ, რომ პანსიონატში შესვლის უფლება არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. სახალხო დამცველი საგანგაშოდ აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს,  შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე.

რატომ არ ეძლევათ საშუალება აღნიშნულ პირებს ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგი განახორციელონ? ჩვენ ამის გარკვევას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა საქართველოს საპატრიარქოში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ჩვენ ინფორმაციის მოწოდებას ასევე ველოდებით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროსგან. თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს toktv.ge სადაც ინფორმაცია განახლდება.