სახურავის გარეშე დარჩენილი სკოლები, სახლები, საქონლის სადგომები, ჩაკეტილი საავტომობილო გზები – რა ზარალი მიაყენა ჯავახეთის მოსახლეობას რამდენიმე დღიანმა თოვამ

March 23, 2022

სახურავის გარეშე დარჩენილი სკოლები, სახლები, საქონლის სადგომები, ჩაკეტილი საავტომობილო გზები – რა ზარალი მიაყენა ჯავახეთის მოსახლეობას რამდენიმე დღიანმა თოვამ, ქარბუქმა და უამინდობამ. ნინწომინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ ორ სოფელში ქარმა სკოლებს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია სახლის და საქონლის სადგომების სახურავები. 

მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის თქმით, ორ დღიანი მცდელობის მიუხედავად სოფელ სამებასთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჯერ კიდევ ვერ გაწმინდეს. ასევე, სოფლებთან ვლადიმეროვკა  და ტამბოვკასთან მისასვლელი საავტომობილო გზა უკვე მეოთხე დღეა ჩაკეტილია. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

მისივე თქმით, მოსახლეობამ მათ უკვე მიმართეს განცხადებით და მალე ზარალს უფრო დეტალურად შეისწავლიან.

რაც შეეხება ახალქალაქს, მერი მელქონ მაკარიანი გვეუბნება, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის საფარი 4 მეტრს აღემატებოდა, რაც გზების გაწმენდას კიდევ უფრო ართულებდა. მერი გვეუბნება, რომ სოფელ ბეჟანომდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი გზა დაკეტილი იყო და 50-მდე მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებდა, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კიდევ დარჩა რამდენიმე სოფელი, რომლებთან მისასვლელი გზა უკვე მეოთხე დღეა დაკეტილია და უამინდობის გამო გაწმენდა ვერ ხერხდება.