“სლესის” ციხეს მეხი დაეცა” – კულტ. მემკვიდრეობის სააგენტო

December 18, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე “სლესის” ციხის ჩამონგრევა მეხის დაცემამ განაპირობა. ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში დაიწყება. რა თანხა დაიხარჯება ძეგლისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

“ჩვენმა ჯგუფმა შეამოწმა, ნგრევა გამოწვეულია მეხის დაცემით. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ციხეს რამდენიმე თვეში კონსერვაცია, ნაწილობრივ რესტავრაცია და გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდება, ასევე მოძიებულია ფონდი და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს,” – განმარტავენ უწყებაში.

ჩვენ დავინტერესდით თუ რომელი ფონდიდან გამოიყოფა თანხა სლესის ციხის რეაბილიტაციისთვის. სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ფონდი “ქართუა”. აქვე განმარტეს, რომ სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხა მათივე წლიურ გეგმას ხმარდება. ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ კი დასაფინანსებლად კერძო ფონდებს მიმართავენ. 

“სლესის ციხე დაფინანსდება “ქართუ” ფონდის მიერ, ის უკვე წლებია პარტნიორობს ჩვენთან და გასულ წელს 20 მილიონამდე თანხა გამოიყო რეაბილიტაციისთვის.” 

შეგახსენებთ, რომ ციხის კოშკის ჩამონგრევის შესახებ ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დაწერა და ჩამონგრეული კოშკის ამსახველი ფოტო მასალაც განათავსა. რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ძეგლი შეამოწმა.

“სლესის” იგივე მოქცევის ციხის აშენება XI საუკუნით თარიღდება. მას 2006 წლის 7 ნოემბერს, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.