სოც მუშაკი 3 კვირაა ნინოწმინდის პასნიონატშია – გვეუბნება სახ. ზრუნვის სააგენტო 19 დღიანი ლოდინის შემდეგ

May 14, 2021

დღეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენლები  ნინოწმინდის პანსიონში უკვე სამი კვირაა იმყოფებიან მონიტორინგზე. ეს პასუხი კიდევ უფრო უცნაურად ჟღერს იმ ფონზე რომ ჩვენი რედაქცია 26 აპრილის შემდეგ ელოდება პასუხს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაგან შემდეგ კითხვებზე:

  1. ადასტურებთ თუ არა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლა ეზღუდებათ სოციალურ მუშაკებს ?
  2. თუ კი, როგორი იყო თქვენი რეაგირება?
  3. როდის იმყოფებოდნენ აღნიშნულ დაწესებულებაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები ბოლოს?
  4. რა დასკვნა მომზადდა ბოლო ვიზიტის საფუძველზე?

ორ კვირაზე მეტი ლოდინის შემდეგ კი ამ კითხვებზე პასუხი მაინც ვერ მივიღეთ თუმცა მივიღეთ წერილობითი კომენტარი:

“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი უკვე სამი კვირის განმავლობაში ახორციელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში გეგმიურ ვიზიტებს, რომელთა მიზანიც არის არასრულწლოვანთა კეთილდღეობის რისკებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება. აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებთან პირისპირ შეხვედრები და ინტერვიუები. ვიზიტები მშვიდ გარემოში იმართება და სამუშაო პროცესში სოციალურ მუშაკს ხელი არ ეშლება. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დახმარებას უწევს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. სოციალური მუშაკი აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთანაც.”

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ჩვენ მათთანაც გადავამოწმეთ გაეროს სპეციალური კომიტეტის მიმართვის შემდეგ შეუშვეს თუ არა ომბუდსმენი მონიტორინგის განსახოცრიელებლად პანსიონატში, სახალხო დამცველი გვეუბნება რომ არა, ვითარება კვლავაც უცვლელია.

კომენტარს არ აკეთებენ საპატრიარქოში და ამბობენ, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბავშვთა პანსიონატების საქმიანობაში არ ერევიან. უცნობია ჯანდაცვის სამინსიტროს პოზიციაც.

​ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატში, ოფიციალური 57 არასრულწლოვანი იმყოფება, რომელთაგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. სახალხო დამცველის წინა წლების მონიტორინგის მიხედვით, პანსიონატში გამოიკვეთა სავარაუდო ძალადობის, დასჯის, თავისუფლების შეზღუდვის და სხვა დარღვევები.

ამავე თემაზე: «დიდი ზომის ბავშთა სახლი არ არის ის გარემო, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს » — UNICEF

მიუხედავად გაეროს განცხადებისა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ომბუდსმენს არ უშვებენ

«შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში

„საშიში სახელმწიფოებრივი პრეცედენტი“ — ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე