ტყუილი სატვირთოებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ და დეზინფორმაცია შუღლის გაღვივებისთვის

January 25, 2021

10 იანვარს არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხური სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილებს მარნეულთან ახლოს სასაზღვრო პუნქტის მიმდებარედ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრებმა ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ იუწყებოდნენ სომხურენოვანი ონლაინ მედია სააგენტოები, ტელეგრამ არხები.

ერთ-ერთი გამოცემა შინაარსს ასე აყალიბებდა:”დაახლოებით 20:00 საათზე მარნეულში ცეცხლი გაუხსნეს სომხური ნომრებით გადამზიდავ ტრაილერებს. გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები გაფრთხილებულები არიან იმის შესახებ რომ ტვირთი გადაიტანონ ბავრის გამშვები პუნქტიდან.”

ტოკ ტვ-მ ფაქტის გადამოწმება დაიწყო, რის შედეგადაც დაადგინა, რომ მასალაში გამოყენებული ფოტო არ არის 2021 წელს გადაღებული და ის თარიღდება 2018 წლით. ასევე, ფაქტის გადამოწმების მიზნით ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც მასალაში აღწერილი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. ინფორმაცია არ იძებნება სააგენტოებზე მოყვანილ პირველწყაროებზეც.

შესაბამისად, ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად გავრცელებული ეს ინფორმაცია არის ყალბი. მედია ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ კარგად იცნობს ინფორმაციით მანიპულაციის ამ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს მიმდინარე კონფლიქტების პარალელურად რეგიონში ახალი დაპირისპირების კერების შექმნას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ხერხით ემსახურება შუღლის გაღვივებას.

ავტორი: ინგა ირიციანი.