უკანონო ადგილზე პოსტერის გაკვრის გამო პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” 50 ლარით დაჯარიმდა

October 1, 2020

ახალციხეში პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოსტერები, რომელიც უკანონო ადგილზე იყო განთავსებული ჩამოხსნეს, ხოლო პარტია 50 ლარით დააჯარიმეს.

პარტიის წარმომადგენელი ახალციხეში, კობა გორგოძე შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი პოსტერების გვერდით “პატრიოტთა ალიანსის” სააგიტაციო მასალა იყო გაკრული, თუმცა ამისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.

“ჩვენი პოსტერების გვერდით იყო “პატრიოტთა ალიანსის” , სააგიტაციო მასალაც, თუმცა ამისთვის არავინ დაჯარიმებულა. მეხუთე საჯარო სკოლასთან აკრავდნენ პოსტერებს და გაკვრის დროს მოვიდნენ და 50 ლარით დაგვაჯარიმეს. მიზანმიმართულად დარეკილი იყო და გამოუშვა მერიამ თავისი წარმომადგენელი, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ჩამოხია პოსტერი. სავარაუდოდ იმ სამთავრობო პარტიებმა დარეკეს, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული,” – გვითხრა გორგოძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მიხეილ მაკარიძე გვეუბნება, რომ ადგილზე დახვდათ პიროვნება, რომელიც პოსტერებს აკრავდა, შესაბამისად იგი დაჯარიმდა.

“დავაჯარიმეთ, რადგან ადგილზე იყო ის პირი, ვინც პოსტერებს აკრავდა. იმ შემთხვევაში თუ არ ვიცით ვინ გააკრა პოსტერი ვერ დავაჯარიმებთ. ჩვენ არ ვიცით ვინ გააკრა იგივე ადგილზე “პატრიოტთა ალიანსის” პოსტერი, სანამ არ დავინახავთ ვერ დავაჯარიმებთ. უკანონოდ გაკრულ პოსტერებს ან დასუფთავების სამსახური ჩამოხსნის, ან ეს საქმე არჩევნების შემდეგ პარტიებს დაეკისრებათ,” – გვითხრა მაკარიძემ.

არაკანონიერ ადგილზე განთავსებულია “პატრიოტთა ალიანსის” პოსტერებიც. პარტიის წარმომადგენელმა ჩვენ გვითხრა, რომ მას, ვინც სააგიტაციო მასალას აკრავდა ვერ გაითვალისწინა ის ლოკაციები, რომელზეც გაკვრა დაუშვებელია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა, გიგი ჩიხრაძემ გვითხრა, რომ არაკანონიერ ადგილზე წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა უკანონოა და შესაძლებელია პარტიას სანქციები დაეკისროს.

«გარდა იმ ადგილისა, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოყო პოსტერებისთვის სხვა ადგილზე გაკვრა შეიძლება იყოს განხილული, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამას კი კონკრეტული საქალაქო სამსახურები შეაფასებენ და დააკვალიფიცირებენ, როგორც ქალაქის იერსახის დამახინჯება და დაეკისრებათ ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ ზიანი არ არის არსებითი შესაძლოა განთავისუფლდეს სანქციისგან,» — გვითხრა ჩიხრაძემ.

ავტორები: მიშო დარბაიძე ; ინგა ირიციანი — 577681889