უკანონო თევზჭერის ფაქტი ახალციხეში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

May 27, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით თევზაობის ერთ ფაქტი გამოვლინდა ,– ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

“დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით, აკრძალულ ადგილას თევზჭერა დასჯადია. კანონდამრღვევზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციები გავრცელდება.

თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა მთელი წლის განმავლობაში დაშვებულია. (წყარო: აგროგარემო TV )