უჰაერობა ტბაში – 2 ტონამდე თევზის დახოცვის ერთ-ერთი მიზეზი

March 17, 2020

სოფელ ბავრას ხელოვნური ტბა, 2 ტონამდე დახოცილი თევზისგან 5 დღის შემდეგ გაასუფთავეს, დახოცილი თევზები კი მიწაში ჩამარხეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გამომწვევი მიზეზი შესაძლოა წყალში ჰაერის უკმარისობა იყოს.

“ტბიდან დაახლოებით ორ ტონამდე დახოცილი თევზი ამოიღეს, ვფიქრობთ, რომ თევზების სიკვდილი გამოიწვია წყალში ჰაერის უკმარისობამ. ახლა ტბაში თევზები საერთოდ არ არიან,” – tok tv-სთან განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

რა ზომების გატარებას აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა? ამასთან დაკავშირებით ჩვენ სოფლის რწმუნებულს, ვალენტინ ღასლიანს დავუკავშირდით. მისი განმარტებით გაუშვებენ თუ არა ტბაში თევზებს დამოკიდებულია რას აჩვენებს ტბიდან აღებული სინჯები.

“10 მარტს აღმოაჩინეს, რომ თევზები დახოცილი იყო. გარემოს დაცვის ინსპექციას დავუკავშირდით და ხუთი დღის შემდეგ ტბა დაასუფთავეს. დახოცილი თევზები მიწაში ჩავმარხეთ. დაახლოებით 2 ტონამდე თევზი იქნებოდა დახოცილი. გამომწვევი მიზეზები ჯერ არ არის ცნობილი, ველოდებით ანალიზის პასუხებს. მიზეზის გაგების შემდეგ გადავწყვეტთ გავუშვებთ თუ არა ტბაში თევზებს,“ – განაცხადა ღასლიანმა.

ბავრას ტბაში დახოცილი თევზისა და წყლის ნიმუშებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სწავლობენ. უწყების ინფორმაციით, თევზის დახოცვის მიზეზები პარასკევს, 20 მარტს იქნება ცნობილი.

“ანალიზების პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. გარემოს ეროვნულ სააგენტოშია გადაგზავნილი. ტბის წყლიდან და თევზიდან აღებული სინჯების პასუხები ცნობილი 20 მარტს იქნება,” — განაცხადეს უწყებაში.

სპეციალისტებმა მოკვლევა 11 მარტს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა 10 მარტს დიდი ოდენობით გამორიყული მკვდარი თევზი ნახეს.

Leave a Reply