„ქართული ოცნების“ პოსტერები „ევროპული საქართველოს” ზემოდან – ახალციხე

September 15, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

​ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე „ევროპული საქართველოს“ 10 საარჩევნო პოსტერს „ქართული ოცნების“ პოსტერები გადააკრეს. „ქართული ოცნების“ ოფისში გვეუბნებიან, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი კი აპირებს საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართოს.

„ქართული ოცნების“ ახალციხის ოფისის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გვარამაძე გვეუბნება, რომ შესაძლოა პოსტერები საკუთრივ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს გადაეკრათ, დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით.

„ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა არ არის გამორიცხული რომ ეს არის განზრახ მათივე გაკეთებული, დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, რადგან ისინი პროვოკაციაზე არიან გადასული. რაც შეეხება გადაკვრის ფაქტს, ვფიქრობ ნამდვილად მიუღებელი ქმედებაა,“ – გვეუბნება გვარამაძე.

ჩვენ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზურაბ ჩილინგარაშვილს დავუკავშირდით: “თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე ავიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატები და ჩემს პლაკატებს გადავაკრა? ფაქტია პლაკატები გადაკრული და ჩამოხეულია, თუმცა მე არ დამინახავს ვინ ჩაიდინა ეს. ჯერ არ მიმიმართავს შესაბამისი სტრუქტურისთვის, მაგრამ ვაპირებ მივმართო.“

„ეს არის წინა საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა“ – ფიქრობს„სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული ხელმძღვანელი, ნინო ბიბილეიშვილი და ამბობს, რომ ამ შეთხვევაში შეუძლია „დაზარალებულმა“ პარტიამ შესაბამის სტრუქტურას მიმართოს.

„რა თქმა უნდა ეს არის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. ამ შემთხვევაში ევროპულმა საქართველომ უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. ასეთ შემთხვევაში ძნელია იმისი დადგენა ვინ გააკეთა ეს. თუ უშუალოდ პიროვნება არ დადგინდა, ერთპიროვნულად პარტიას ვერ დაადანაშაულებ, მიუხედავად იმისა, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს „ოცნების“ წარმომადგენელმა ან მხარდამჭერმა გააკეთა ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოვლინდეს კონკრეტული პირი,“ – გვითხრა ბიბილეიშვილმა.

რა ლოკაციებზე უნდა განათავსონ ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის პოსტერები, ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალციხის საკრებულომ 27 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე მიიღო.

Leave a Reply