“ქარტია გმობს შერჩევით მიდგომას მედია საშუალებებთან მიმართებაში” – ქარტია

April 9, 2021

facebook: Toktv.ge

“ქარტია გმობს შერჩევით მიდგომას მედია საშუალებებთან მიმართებაში” – ასეთ შეფასებას აკეთებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის შერჩევით გავრცელებასთან დაკავშირებით. 

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელები მედიას შერჩევითად ექცევიან და  “მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლები ერთგვაროვნად თანამშრომლობდნენ ყველა მედიასთან.”   

ახალციხეში 9 აპრილის გმირთა მემორიალთან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთვის წინასწარ არც ახალციხის მერიას და არც სამხარეო ადმინისტრაციას მოუწოდებია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ არ გვაწვდის.

სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ არსებობს «Facebook ჯგუფი» მედია საშუალებებისთვის, სადაც თავსდება შეხვედრების ანონსები, მათ შორის  დღევანდელი ღონისძიების ანონსიც, და ეგონათ, «რომ ჩვენც იყავით იქ».

მას შემდეგ, რაც ჩვენ დღეს სამხარეო ადმინისტრაციას მორიგ ჯერზე მივმართეთ კითხვით, თუ რატომ არ გვატყობინებდნენ ღონისძიებების შესახებ სხვა მედიების მსგავსად, მათ ზემოთხსენებულ Facebook ჩატში დაგვამატეს.