ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი სამცხე-ჯავახეთში

June 7, 2021

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები სამცხე-ჯავახეთში, რომლის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“ბრალდებულმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაირეგისტრირეს, თითქოსდა კანონიერ სარგებლობაში არსებული ქ. ნინოწმინდაში მდებარე ცენტრალური პარკისა და ყოფილი მანქანათ-მშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 712 კვადრატული მეტრი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 000 ლარს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მოტყუებით დაუფლებული ერთი მიწის ნაკვეთი დაბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი ამ ეტაპზე დაყადაღებულია.

შსს-ში გამოძიება სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით, 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

ფოტო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური