“ქუჩაში გადაადგილება მიწევს, მაშინაც ვიყავი ცენტრში” – არლის სკოლის დირექტორი ანტონ ობოლაშვილის შეხვედრაზე შესაძლო დასწრების თაობაზე

September 30, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ შემთხვევითობა. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეხვედრებს ადიგენის სოფელ არალში და უდეში სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, ბაღის მასწავლებლები, არალის ბიბლიოთეკის თანამშრომელი და არალში მერის წარმომადგენელი ესწრებოდნენ – ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ვკითხულობთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არლის სკოლის დირექტორს, მარო ჩხიტუნიძეს დავუკავშირდით. იგი უარყოფს შეხვედრებზე დასწრებას.

„უდეში კლუბის გახსნა იყო და მიწვეული ვიყავი. იქ იყვნენ სტუმრები და მეც ვიყავი. როგორც ასეთი რისი უფლებაც არ მაქვს იმას არ ვაკეთებ. არალში ქუჩაში გადაადგილება მიწევს და მაშინაც ვიყავი ცენტრში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შეხვედრებზე დავდივარ. აპოლიტიკური პიროვნება ვარ,“ – გვითხრა დირექტორმა.

ანტონ ობოლაშვილი გვეუბნება, რომ საჯარო მოხელეებს და სკოლის თანამშრომლებს სახეზე არ იცნობს, ამიტომ შესაძლოა ვინმე ისეთი დაესწროს, რომლის დასწრებასაც კანონი ზღუდავს.

„რა თქმა უნდა არ შეიძლება და კანონდარღვევაა. სახეზე მე ვერ ვცნობ ვინ არის პედაგოგი, ან საჯარო მოხელე ეს ჩვენი მოტივაცია არ არის. შეხვედრა რომ მქონდა თქვი, რომ ვინც არის საჯარო მოხელე ან პედაგოგი დაეტოვებინათ შეხვედრა. წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ვინ მოვიდეს და ვინ – არა. ანონსდება შეხვედრა და მსურველი მოვა,“ – გვითხრა ობოლაშვილმა. ​

ჩვენ „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონულ ხელმძღვანელს, ნინო ბიბილეიშვილს დავუკავშირდით: „თითოეული მათგანის გადამოწმება ვერ შევძელით შვებულება ხომ არ ჰქონდათ დაწერილი, რადგან იშვიათად გასცემენ მსგავს ინფორმაციას. ტენდეცია, რომ შეხვედრებს ესწრებიან საჯარო მოხელეები და მათთან გათანაბრებული პირები, ავსახეთ ანგარიშში. მათ სანქცირებას და დაჯარიმებას არ ვითხოვთ. აღვნიშნეთ როგორც ფაქტი, რადგან არ შეიძლება ეს ადამიანები ესწრებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებს.“