“შემოსავლის დამალვა კორუფციაზე მიუთითებს” – TI

January 18, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის მერის პირველ მოადგილეს, გურამ მელიქიძეს და ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ზურაბ ბეთხოშვილს დეკლარაციაში ანაზღაურების არ მითითების გამო გაფრთხილება მიეცათ,- საჯარო სამსახურის ბიურომ 2020 წელს საჯარო მოხელეების დეკლარაციები შეისწავლა და შედეგები გამოაქვეყნა.

კომენტარისთვის ჩვენ მერის პირველ მოადგილეს გურამ მელიქიძეს დავუკავშირდით. მან გვიპასუხა რომ დაკავებულია და ვერ გვესაუბრებოდა.

რაც შეეხება ზურაბ ბეთხოშვილს, მან მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვა, იმ მოტივით რომ მონიტორინგის შედეგები არ ახსოვს.

ასევე, საჯარო სამსახურის ბიურომ უარყოფითად შეაფასა სამცხე — ჯავახეთში 5 თანამდებობის პირის, მათ შორის ახალციხის მერის დეკლარაცია. მის დეკლარაციაში არის «შეუსაბამობა თანამდებობის პირის უძრავ ქონებაში.»

ჩვენ ვცდილობთ მერს, ზაზა მელიქიძეს დავუკავშირდეთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ არასრულად შევსებული დეკლარაციები კორუფციის რისკებს ზრდის.

თამუნა უჩიძე

სულ ორგანიზაციამ 2020 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 14 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, რომელთაგან ორს გაფრთხილება მიეცა, 4 — უარყოფითად და 6- დადებითად შეფასდა.