“ჩემი გაშუქება და მუშაობა აღიზიანებდათ მთელი დღე ისმოდა მუქარები” – ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი

September 30, 2020

მარნეულის ინციდენტში დაშავებული ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ გუშინ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე ახლა უნდა მივიდეს. “ახლა მივდივარ საგამოძიებო უწყებაში. ჯერ არ გადამიწყვეტია სამმართველოში ვუპასუხო კითხვებს თუ სასამართლოში.” ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მას ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ტკივილი მაწუხებს მუცლის არეში. თირკმელებზე და მუცელზე მირტყამდნენ და ხელი მაწუხებს, დანარჩენი ნორმალურად ვარ“.

როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჩვენთან საუბრისას ამბობს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მას ფიზიკური შეურაცხყოფა 10-ზე მეტმა პირმა მიაყენა. “ამირან გიორგაძისთვის მინდოდა კითხვის დასმა, რამდენად მართალი იყო ენმ-ის წარმომადგენლების ბრალდება, რომ ის თავს დაესხა მათ. მივედი შტაბთან, კითხვის დასმაც არ მაცადეს, ისე გამისწორდნენ ფიზიკურად” – ამბობს ჟურნალისტი.

ჟურნალისტი ორი კვირის წინანდელ შემთხვევას და მუქარასაც იხსენებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაიწყო, 2 კვირის წინ მომხდარ ინციდენტში დამნაშავეები დასჯილები დღემდე არ არიან. “ჯაჭვივითაა, ისინი რომ არ დასაჯეს ამათმაც მაგალითი მიიღეს, თავში აუვარდათ ისინი თუ არ დაისაჯნენ ჩვენც არ დავისჯებითო იფიქრეს”.

შემთხვევა მარნეულში გუშინ ღამით მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მათ მხარდამჭერებს თავს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და პროვოკაციას წამოეგნენ“ – თქვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ინციდენტისას დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი და ოპერატორი, დაშავებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციაა გავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა. ისინი წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ძალადობრივი შემთხვევების მომრავლებაზე საუბრობენ და შესაბამის უწყებებს ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებენ. განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ქარტიაში მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.