“ცილისწამებაა” – “ქართული ოცნება” ჩანაწერებზე #ახალციხე

March 8, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

რა პოზიცია აქვთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთში, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო საუბრის შემცველ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით? “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა და მიმდინარეობს ცილისწამება.

“იმდენად უხეშად არის შედგენილი ეს ჩანაწერები, რომ ყველა მიხვდება რომ ეს არის ფაბრიკაცია. 2010-11 წლებში მიმდინარეობდა ოპოზიციური პარტიების მოსმენა და შესაძლოა ჰქონდეთ მათ ჩანაწერები, მაგრამ ეს კონკრეტული არის ხელოვნური. და ის ადამიანები, ვინც გამოდიან და ბერაზე რაღაცებს ამბობენ არის ცილისწამება,” – გვითხრა გვარამაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტვ პირველის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო საუბრის შემცველი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა(ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის).

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილის დავალებით აღნიშნული პირები სიტყვიერ და ფიზიკურ მუქარას იყენებდნენ იმ პირების მიმართ, ვინც სოციალურ ქსელში მილიარდერის შვილს გააკრიტიკებდა.

გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს მოქმედი პირების თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, სადაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა.

აუდიოჩანაწერში ასახული შინაარსის საფუძველზე საზოგადოების ნაწილი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ჩანაწერებთან დაკავშირებით , განცხადება გაავრცელა პარტია “ქართულმა ოცნებამაც” განცხადებაში წერია, რომ დიალოგები 2010-2011 წლების დროინდელია და შედგება რამდენიმე თვის ჩანაწერებისგან.

“გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება არც ბერა ივანიშვილს და არც პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. 

საკითხზე დუმს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა.