წალკის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ორ კვირაში შეჩერდა-რა გახდა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი

August 15, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი-ჩვითკილისის და რეხა-ხანდროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის წალკის მერიამ ტენდერი 26 400 ლარზე გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არ შედგა.

Სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “ჯეო როუდმა” მიიღო და მერიას სამუშაოებისთვის, იგივე თანხა შესთავაზა, თუმცა ამავე წყაროს მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა შეწყდა. 

გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღეს. გამოქვეყნებულ ოქმში ტენდერის შეწყვეტის  მიზეზად შეზღუდული ვადები სახელდება.

კონკრეტულად რა გახდა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი და აპირებენ თუ არა კონკურსის ხელახლად გამოცხადებას? წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ პასუხს გაარკვევდნენ და შეგვატყობინედბნენ. Თუმცა მეოთხე დღეა ინფორმაცია არ მიგვიღია.  ასევე, თემაზე ჩვენი რედაქცია აპირებს გამოითხოვოს მერიისგან  საჯარო ინფორმაცია.

ჩვენ, ასევე დავუკავშირდით ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას (შპს) ჯეო როუდს. კომპანიის დირექტორმა ვალერი სამხარაძემ გვითხრა, რომ მათი მხრიდან ვადების გამო შეფერხების პრობლემა არ ყოფილა და მათთვისაც უცნობია კონკრეტული მიზეზი, რატომ შეწყვიტა წალკის მერიამ ტენდერი.