ხანძრის მეთერთმეტე დღე – კვირიკეს ეკლესიასთან ტყე იწვის – დვირის რწმუნებული

August 29, 2022


დღეს, ბორჯომში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ამჯერად ცეცხლი კვირიკეს ეკლესიასთან ტყეს უკიდია – ამის შესახებ ინფორმაციას სოფელ დვირის რწმუნებული, გურამ მაისურაძე გვიდასტურებს. 

მისივე თქმით, ხანძარი ქარს ეკლესიის საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობას უკვე ცდილობენ. 

აქვე გეტყვით, რომ ხანძრის გაჩენიდან მეათე დღეს, ბორჯომში სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ჩავიდა და როგორც თავად წერს, ციტატა: “მოინახულა ხანძრის შედეგად დაზიანებული ტერიტორიები.”

დღესვე, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ორგანიზებული, დივერსიული ჯგუფების მოქმედება იყოს. მისი თქმით, ხანძრების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.