გამჭვირვალობის მიმართვის შემდეგ საკრებულომ პეტიციის ფორმა შეიმუშავა, #ახალციხე

April 29, 2021

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი საკითხი პეტიციის ფორმის დამტკიცება იყო. როგორც აღმოჩნდა, უწყებას პეტიციის ფორმა ამ დრომდე არ ჰქონდა დამტკიცებული და შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მიმართა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ახალციხის საკრებულოს შიდა საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით, პეტიციის ფორმა მოსთხოვა, რის შემდეგაც თვითმმართველმა ორგანომ აღნიშნულის შემუშავება დაიწყო.

პეტიციის და გამართული ვებ გვერდის მნიშვნელობაზე ჩვენ გასულ წელსაც ვმუშაობდით, მაშინ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მაგდა პოპიაშვილი ამბობდა, რომ მოქალაქეების თვითმმართველობის პროცესში ჩართულობისთვის პეტიცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.