“-20 გრადუსში დატოვეს ხალხი ელ. ენერგიის გარეშე” – ენზელ მკოიანის ძმის კომენტარი ჰესის შეჩერებაზე

January 27, 2021

​ნინოწმინდა-ახალქალაქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის სახელზე რეგისტრირებულ ჰესს, შ.პ.ს. “ენერგიას” საქმიანობა შეუჩერდა. ოფიციალური მიზეზი, “კომპანიის მიერ ზედაპირული წყალაღების ტექნიკური რეგლამენტის გარეშე საქმიანობაა”, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გვიდასტურებენ.

რამ განაპირობა ჰესის საქმიანობის შეჩერება? ამ კითხვით ჩვენ მარტუნ მკოიანს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ “80 ლარიანი დოკუმენტი თავის დროზე ვერ წარადგინეს, რადგან პანდემიის გამო ელექტრონული მომსახურება უნდა მიეღოთ და პრობლემები შეექმნათ.”  

“80 ლარიანი საბუთის გამო შეგვიჩერეს მუშაობა და -20 გრადუსში დატოვეს ხალხი ელექტრო ენერგიის გარეშე. ჩვენზე დამოკიდებული იყო ძალიან ბევრი მაღაზია და საცხობი, რადგან იაფია ჩვენი ელ. ენერგიის საფასური,” – გვითხრა მკოიანმა.

ენზელ მკოიანის ძმა ამბობს, რომ ჯერ არ იცის გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას, ან როდის მოამზადებს მოთხოვნილ დოკუმენტს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ჰესი ორჯერ შეამოწმეს, პირველად მიმდინარე წლის 11 იანვარს (მაშინ კომპანიას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა) და მეორედ 13 იანვარს, რასაც მოჰყვა ჰესის საქმიანობის შეჩერება.

“ზედაპირული წყალაღების ტექნიკური რეგლამენტის შეთანხმებისთანავე, შპს “ენერგია”-ს უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საქმიანობა,” – ნათქვამია განცხადებაში.