200 ათას ლარზე მეტი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის

July 29, 2022

ავტორი:სოფიკო ქარცივაძე

წალკაში ხუთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც წალკის მერია 215 ათასი ლარს დახარჯავს. ტენდერში კომპანია “ნორაირ მანასიანმა” გაიმარჯვა, რომელმაც მერიას გამოცხადებულზე დაახლოებით 30 000 ლარით ნაკლები ფასი შესთავაზა. (სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი 244 345 ათასი ლარი იყო.) კომპანიას აღნიშნულ ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია.

Წალკის მერიაში გვეუბნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ ქუჩებზე: არისტოტელეს, იოანიდისა და ჭელიძის ქუჩაზე. პროექტი 30 სექტემბერისთვის დასრულდება.

რა პრინციპით შეარჩია მერიამ რეაბილიტაციისთვის კორპუსები? მერიაში გვეუბნებიან, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქ.წალკაში ცენტრალური პარკი ეწყობა, შესაბამისად მის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს აწარმოებს, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ მისი კორპუსის სახურავი შეკეთებას საჭიროებს? მერიაში გვეუბნებიან, რომ მოქალაქემ მუნიციპალიტეტს წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს. თუმცა მერიაში ასევე გვეუბნებიან, რომ მიმდინარე წელს სხვა საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა არ იგეგმება. წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან კორპუსების გადასახურად 370 000 ლარია გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ წალკაში ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისათვის სამუშაობი დაახლოებით 5 თვეა მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება.

პარკის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.