2000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები და მაღალჩინოსნები ფეხბურთის ტრიბუნაზე – იერარქიული სამართლიანობა 

November 13, 2020

რატომ ეხებათ მოქალაქეებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები განსხვავებულად – ისტორიულ მატჩზე გულშემატკივარი არ შეუშვეს, თუმცა დინამო არენაზე თამაშს ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ თამაშს შვილთან ერთად ესწრებოდა თბილის მერი. სტადიონიდან თამაშის ყურების შესაძლებლობა ჰქონდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს.

ამ ფონზე გულშემატკივრები ქართველ ფეხბურთელებს სტადიონს მიღმა, ქუჩიდან ამხნევებდნენ და 10 საათის შემდეგ, ზოგიერთი მათგანი ამის გამო 2000 ლარით დაჯარიმდა კიდეც. 

რატომ და რა მუხლით დაჯარიმდნენ ფეხბურთის ქომაგები სტადიონს გარეთ და რის საფუძველზე იმყოფებოდნენ მაღალჩინოსნები სტადიონზე? კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტრის დავუსვით, თუმცა უწყებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. 

ჩვენს ზარებს არ პასუხობენ მთავრობის ადმინისტრაციაში. უწყებისგან ვცდილობდით გაგვეგო რის საფუძველზე და რამდენი ხნით გასცეს საშვები იმ პირებისთვის ვინც გამონაკლისის სახით მაყურებლისგან დაცლილ დინამო არენაზე ფეხბურთს გადაადგილებისთვის შეზღუდულ დროს უყურებდა? 

გუშინ გამართულ მატჩს გამოეხმაურა თბილისის მერი. მისი თქმით თამაშზე დასწრება, უკავშირდება მის წარსულ კარიერას და სტადიონზე იმყოფებოდა, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი და არა როგორც თბილისის მერი. ფეისბუქ პოსტში ის გუშინ თამაშის დროს გარეთ მყოფი დაჯარიმებული პირების საკითხსაც შეეხო. 

“ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას”, – ამბობს კალაძე.

თუ როგორ მოხვდნენ გუშინ გამართულ მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელზეც მაყურებლის დაშვება აკრძალული იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი განმარტებას აკეთებს. რატი მუჯირის თქმით, მატჩზე დამსწრე პირთა საშვების რაოდენობა უეფასთან იყო შეთანხმებული. მისივე განცხადებით, კახა კალაძეს, როგორც წარსულში ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, ჰქონდა 3-ადგილიანი კვოტა. მუჯირი თამაშზე ირაკლი კობახიძის დასწრებას სწორედ კალაძის სიაში მის ყოფნას უკავშირებს.

9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილება იკრძალება. ამ რეგულაციით უკვე დაჯარიმდა არაერთი ადამიანი მათ შორის მამუკა დიაკონიძეც, რომელიც 5 წელია რუსთველის მეტროსთან მოწყალებას ითხოვს. სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის დახმარებით მამაკაცმა ჯარიმა სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. სასამართლოს მიმართეს სხვა დაჯარიმებულებმაც მაგალითად, ასეთია გოგი ხოჭოლავა და რუსუდან გოცირიძე.