“სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის მოკვლევა შსს-მ დაიწყო

November 4, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სახალხო დამცველის აპარატმა “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის ფაქტზე შსს-ს მიმართა, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ.

ჟურნალისტი, ნუკა სტეფნაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.

“ჩვენ არ მიგვიმართავს შსს-სთვის. სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება. მე დამიბარეს დაკითხვაზე და მკითხეს თუ რა მოხდა იმ დღეს. სავარაუდოდ დაკითხავდნენ იქ მყოფ თვითმხილველებსაც,” – გვითხრა ნუკა სტეფნაძემ.

საქმე ეხება 14 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებას ჟურნალისტსა და ეკლესიის მრევლს შორის. მაშინ ჟურნალისტს ახალციხის მერმა ეკლესიაში მისთვის ფოტოების გადაღების გამო შენიშვნა ხმამაღალი ტონით მისცა, რის შემდეგაც იქ მყოფმა პირმა ჟურნალისტს ხმის ჩამწერი მოწყობილობა და ტელეფონი წაართვა. ასევე შეეცადა ეკლესიის ეზოდან ძალის გამოყენებით გაგდებას.

დაიბარეს თუ არა ახალციხის მერი დაკითხვაზე? ამ კითხვით თავად მელიქიძეს დავუკავშირდით, თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობს.

შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტსათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.