“უსაქმური ხარ და ამის წერას ყარაბაღში რატომ არ მიდიხარ საბრძოლველადო,” – ISFED ახალქალაქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

November 16, 2020

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889 

“სასამართლო პროცესის შემდეგ “სამართლიანი არჩვენების” დამკვირვებელს ტელეფონზე დაურეკა, გალანძღა, “უსაქმური” ხარ და ამის წერას “ყარაბაღში რატომ არ მიდიხარ საბრძოლველადო,” – “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის თავმჯდომარის, ელენე ნიჟარაძის ეს სიტყვები ახალქალაქის ერთერთ საარჩევნო უბანს ეხება.

იგი ამბობს, რომ ახალქალაქის N40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჰასმიკ მარანგოზიანმა ISFED-ის დამკვირვებელს სასამართლო პროცესის შემდეგ დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა.

“ადამიანის აგრესიული და არაადეკვატური საქციელი ახალი ამბავი არაა, ადრეც არაერთხელ გვსმენია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს მუშაობას საოლქო კომისიაში. ამჯერად გადააჭარბა მე მგონი ყველაფერს. დამკვირვებელზე ზეწოლას ახდენს, თან უკანონო ქმედებისკენ მოუწოდებს,” – წერს ნიჟარაძე.

თავად მარანგოზიანი კატეგორიულად უარყოფს მომხდარს. “მსგავსი არაფერი ყოფილა, მე ეგ ბიჭი ორჯერ მყავს ნანახი. მინდა საოლქოში დავიბარო და ყველას თანდასწრებით ვკითხო იყო თუ არა მსგავსი ლაპარაკი ჩვენს შორის” – გვითხრა მარანგოზიანმა.

“სამართლიანი არჩევნების” რეგიონული ხელმძღვანელი, ნინო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ “ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა მარანგოზიანის მხრიდან, თუმცა რატომღაც ყველა შემთხვევა შერჩა.”

“ეს შეიძლება დავაკვალიფიციროთ, როგორც დამკვირვებელზე ზეწოლა, თუმცა ეს უფრო საოლქო კომისიის თავმჯდომარის თავხედობაზე მიუთითებს.”

ბიბილეიშვილი არ გამორიცხავს, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” მომხდარი სასამართლოში გაასაჩივროს.