COVID-19-ის პირველი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში

April 16, 2020

სამცხე-ჯავახეთში, დაბა ახალდაბაში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებული 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც თბილისში მუშაობდა და სოფელ ახალდაბაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

მიუხედავად ვირუსის დადასტურებისა, პაციენტს COVID-19-ის არცერთი სიმპტომი აღენიშნება. პაციენტი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში.

ამის შესახებ ჩვენ ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა გვითხრა.

“მამაკაცს თბილისში მასთან ჰქონდა კონტაქტი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ მას მიაკვლიეს და ბაკურიანის კარანტინში გადაიყვანეს. ანალიზები აუღეს და ვირუსი მასაც დაუდასტურდა,”– გვითხრა ზაალიშვილმა.

ასევე ზაალიშვილის თქმით, ინფიცირებულის შვიდი ოჯახის წევრი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მასთან კონტაქტში მყოფი ექვსი პირი კარანტინში გადაჰყავთ.

“ინფიცირებულის ოჯახის ერთ წევრს გაუკეთდა ანალიზი, მას ვირუსი არ აღმოაჩნდა. დანარჩენი წევრების ანალიზი გადაგზავნილია და პასუხს ველოდებით. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მასთან კონტაქტში მყოფი ექვსი პირი კი კარანტინში გადაჰყავთ,” – ამბობს ზაალიშვილი.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონა ვირუსი სამცხე-ჯავახეთში დადასტურდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონა ვირუსის – 336 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის -74 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.

Leave a Reply