UNICEF: მთავრობას დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების გამოყვანაში დავეხმარებით

June 8, 2021

ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გაყვანაში და ოჯახურ/თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანის პროცესში UNICEF მზადაა მთავრობას დაეხმაროს.  ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ბავშვების ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ხოლო არასრულწოვნების გადაყვანის პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას.

“სოციალური მუშაკები და სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების სპეციალისტები რეგულარულ ვიზიტებს უნდა ახორციელებდნენ ყველა ინსტიტუციაში, რათა უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროფესიული შეფასება.”

„აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ. ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია.

საჭიროა გაძლიერდეს თავად ალტერნატიული ზრუნვის და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რათა ინსტიტუციის დატოვების შემდეგ ბავშვებს, მათ ოჯახებსა და მათთან მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბენეფიცირების გაყვანა მიმდინარეობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გაყვანილია 20 არასრულწლოვანი, რომელთაგან 7 შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირია. (ნინოწმინდის პანსიონში ე.წ აღურიცხავი ბენეფიციარები იმყოფებოდნენ — PHR)