აბასთუმანში დამწვარი სახლის მაცხოვრებლებს მერიამ ბინები უქირავა

July 7, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის სახლის დაწვის გამო დაზარალებულ სამ ოჯახს ადიგენის მერიამ ბინები უქირავა. მერია ქირაში 6 თვის განმავლობაში 11 ათას ლარამდე თანხას გადაიხდის. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარიც ერთხმად დაუჭირეს.

საკრებულოს თავმჯდომარის, იმედა მღებრიშვილის თქმით, ბინას მანამ უქირავებენ, სანამ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლში ხანძარი 20 ივნისს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაზარალდა შენობაში მცხოვრები 11 ოჯახი. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტის მომზადება.

შსს-ში გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ადიგენის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ 4 საკითხი განიხილეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს. მათ შორის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებას. ასევე, ადიგენის საკრებულოს დეპუტატებმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები და სოფელ უდეში ე.წ. ,,ზაზათ უბნის “ საუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტები მოიწონეს.