აგვისტოს ომი სტრასბურგის სასამართლოში – საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

January 21, 2021

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციის რვა მუხლი. აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.

კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და ომის შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება; საკუთრების დაცვისა და მიმოსვლის უფლება.

განხილვა თბილისის დროით 2 საათზე დაიწყება.

საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანეს. 2016 წლის ივნისში სასამართლომ სტრასბურგში გამართულ სხდომებზე მოწმეებისა და ექსპერტებისგან მტკიცებულებები მიიღო, მოსმენა კი 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სახელმწიფოთშორის საჩივარს, წინ უძღოდა საქმე დეპორტაციის შესახებ, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.