ადიგენის ახალარჩეული მერი, გოჩა ქიმაძე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის და ღირსების შელახვაში კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს. საუბარია 12სექტემბერს ნიკა გვარამიას გადაცემაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გოჩა ქიმაძე სუს-ის აგენტი იყო, ფსევდონიმით “მამლუქი”. გადაცემის ეთერში გასვლის მომენტისთვის ქიმაძე ადიგენის მერობის კანდიდატი გახლდათ. ამავე გადაცემაში გვარამია ირწმუნებოდა, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ფაილების მიხედვით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების დიდი ნაწილი ქიმაძის მსგავსად ასევე სუს-ის აგენტი იყო.
გვარამიას მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაცით, გოჩა ქიმაძე 2007 წელს გადმობირებული იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მიერ და მისი დავალება საჯარო მოხელეების და სასკოლო კონტიგენტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება იყო. საქმიანობას კი ფსევდონიმით – “მამლუქი” ახორციელებდა.
აქვე გეტყვით, რომ ქიმაძე არ არის ერთადერთი ვინც გვარამიას სასამართლოში ამ მოტივით დაახლოებით 2 თვის თავზე უჩივის. მანამდე იგივე 55 555 ლარის კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს ფოთის, ქარელის და ქუთაისის მერობის კანდიდატებმა “ქართული ოცნებიდან.”
რას ფიქრობს თავად ნიკა გვარამია ქართული ოცნების მერობის კანდიდატებისა თუ უკვე მერების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ? ეს ჩვენთვის უცნობი დარჩა, რადგანაც გვარამიამ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ზარებს არ უპასუხა.