ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო – ინაუგურაციის შესახებ  არ იცოდა მოსახლეობამ

September 23, 2020

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო,- ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მასალით დასტურდება. ფიცის დადების ცერემონია, მოსახლეობისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდა. 

ცერემონია მინსკში დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და ტელევიზიით არ გადაიცემოდა. ღონისძიებაზე, რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის იყვნენ როგორც მაღალჩინოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ასევე სამთავრობო მედიის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. ინაუგურაციას ესწრებოდა ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელი ლიდია იერმოშინა. 

ფიცის დადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინამ მას ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერთიფიკატი გადასცა.

ბელარუსული მედიის “ბელსატის” მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს რომ ინაუგურაციის დროს გადაკეტილი იყო ქუჩები და შეზღუდული იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილება. 

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80,1% მიიღო. არჩევნებზე აქტივობა კი 84,28% იყო. 

პარალელურად ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება. მომიტინგეები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. არჩევნების ოფიციალურ შედეგებს  არ აღიარებს აშშ და ევროკავშირიც. არჩევნების შედეგად დაწყებული მანიფესტაციებისას გამოყენებული მოქმედებების გამო ბელორუსისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირი. საკითხს პირველ განხილვაზე მხარი კვიპროსმა არ დაუჭირა. 

ალექსანდრე ლუკაშენკო 1994 წლის შემდეგ 26 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას.

Leave a Reply