ალტ-ინფოს პარტია ახალციხეში და ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

February 12, 2022

ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” ახალციხეში ოფისის გახსნას გეგმავს, აღნიშნულს TOK TV-ს უდასტურებს პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე. მისი თქმით, მალე ოფისს ოფიციალურად გახსნიან და ჯერ წინასწარი სამუშაოები მიმდინარეობს.

სანამ პარტია რეგიონში ოფისს ოფიციალურად გახსნის და პოტენციურ ამომრჩეველთან კომუნიკაციას დაიწყებს, ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ აფასებენ პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები “კონსერვატორული მოძრაობის” ამ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. რადგან ატლ-ინფო არაერთხელ მოხვდა ფაქტ ჩეკერების კვლევებში, როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.

პარტიას “პუტინისტურს” უწოდებს “ლელოს “ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელი, მანუჩარ ჩაჩანიძე.

“ახალ-ახალი პარტიის წარმონაქმნები და დაფუძვნებები მიმაჩნია სახელმწიფოს სისუსტედ, კონკრეტულად ამ პარტიას რომელზეც მეკითხებით პირდაპირ გეტყვით პუტინის პარტიაა და ამ ყველაფერს ადასტურებს ამ პარტიის ქმედებები. მათი ხედვები პირდაპირ არის პუტინისტური. ჩემი აზრით გარდასახვაა ამ მთავრობის რომელიც ჩვენ გვყავს დღეს, რომელიც მოძრაობს და ბატონობს პუტინის კანონის მიერ,” – ამბობს მანუჩარ ჩაჩანიძე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ახალციხის საკრებულოში, დავით ახალკაცი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი იდეის მქონე პარტიებმა. შესაძლოა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე მუშაობა დაიწყონ, რადგან ეთიკურად სომხების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო რუსეთია.

“ეს ძალიან საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის თუ ამას დაუშვებს ჩვენი საზოგადოება არ იქნება გამორიცხული, რომ რამდენიმე წელში, კრემლის პარტია “ედინაია რასიაც” დააფუძნონ და გახსნან ოფისი აქ. რა თქმა უნდა, არ მივესალმები განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როცა რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანია და ერთნუყკურად სომეხი მოსახლეობის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო რუსეთიდან მოდის. შესაბამისად ალბათ ესენი გამოიყენებენ ყველაფერს, რათა ამ ამომრჩეველზე იმუშაონ.”

“მთავარია კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გაცდნენ,” – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, მაკა სუდაძე. 

“როგორც ამომრჩეველი ჩემთვის უსიამოვნო და მიუღებელია, რადგან ვიცით ვინ დგას ამის უკან და რამდენი ცუდი რამეს გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ როგორც პარტიის წარმომადგენლისთვის გეტყვით, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და შეუძლიათ შექმნან პარტია და იმუშაონ ხალხთან, მთავარია რომ  კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გაცდნენ. რაც შეეხება მათი მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებას, ვფიქრობ დიდად ვერ შეძლებენ ამას, რადგან უკვე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს მედიაწიგნიერების მიმართულებით თუმცა საშიშროება მაინც არის არის.”

პარტიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და შეფასებას ვერ აკეთებს ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი.

“არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, არც სტრატეგია ვიცი მიზანი და შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ.”

შეგახსენებთ, რომ «ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიუძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. 

ალტ ინფო არაერთხელ მოხვდა ფაქტ ჩეკერების კვლევებში, როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.