ამ დროისთვის სკოლების გახსნის საკითხი არ განიხილება – ჯანდაცვის მინისტრი

January 13, 2021

„ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნება სკოლები“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაცია გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სკოლები და ბაღები ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა მისივე განმარტებით გახსნისას აუცილებელია უსაფრთხოების შენარჩუნება. 

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნებაა. თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

სკოლები სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმში 28 ნოემბრის შემდეგ გადავიდნენ, მანამდე დისტანციური რეჟიმზე სწავლობდნენ დიდი ქალაქებში მცხოვრები მოსწავლეები.