აფგან მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლაში ხელს უშლიან – ადვოკატი

October 9, 2020

” ჯერ საბუთებზე უთხრეს პრობლემა, შემდეგ ბარგზე, ახლა კორონარეგულაციებზე”- აფგან მუხთარლის ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის საქართველოში გამოფრენამდე ნახევარი საათია დარჩენილი, თუმცა ამ შეფერხებების გამო იგი თვითმფრინავში ასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. არჩილ ჩოფიკაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არკვევენ და სიახლეებს შეგვატყობინებენ. 

ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, რომ ის საქართველოში ჩამოვიდეს და ჩვენება მისცეს.

აფგან მუხთარლი საქართველოში წესით 6 საათზეე უნდა დაბრუნდეს. გავრცელებული ცნობით, იგი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 2018 წლის იანვარში მას აზერბაიჯანში 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს. ჟურნალისტი ამბობდა , რომ თბილისიდან ის კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს .იგი საქართველოს ხელისუფლებას გატაცების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა. 

საქართველოს პროკურატურაში მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს. ამ დრომდე საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.