ახალქალაქის მერიამ თოვლისგან გზების გაწმენდისთვის ხელშეკრულება იმ კომპანიას გაუგრძელა, რომელიც გზებს გასულ წელს წმენდდა

January 17, 2022

საქართველოს რეგიონების ნაწილში თოვს. სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. შეზღუდვებია დაწესებული საავტომობილო გზების ნაწილზეც.

უხვი ნალექია ახალქალაქშიც, თუმცა აქ მერიის მიერ, ორჯერ გამოცხადებული ტენდერი, გზების თოვლისგან გასაწმენდად არ შედგა. ვინ წმენდს ახალქალაქის ქუჩებს თოვლისგან? ახალქალაქის მერიაში გვეუბნებიან, რომ გადაუდებელი საჭიროებების გამო ხელშეკრულება იმ კომპანიას გაუგრძელდა, რომელიც გზებს გასულ წელს წმენდდა. 

გასულ წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი შპს “ჯავახ ავტო გზამ” 98 ათას ლარამდე თანხაზე მოიგო. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ მერიის თხოვნით ხელშეკრულება გააგრძელეს იმ თანხაზე, რომელიც გასული წლის ტენდერიდან იყო მორჩენილი ანუ 70 ათასამდე ლარზე.

კომპანიის დირექტორის, ნოდარ ინასარიძეს თქმით, სავარაუდოდ ხელშეკრულება გაგრძელდება თანხების ამოწურვამდე. “ტენდერი იყო მოგებული წინა წელს, იქედან დაიხარჯა 30 ათასი ლარი და წელს მერიის თხოვნით, გაგვიგრძელდა ხელშეკრულება. სავარაუდოდ ერთი წლით იქნება, ან თანხების ამოწურვამდე,” – გვეუბნებიან კომპანიაში

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ დეკემბრის თვეშიც ვწერდით. ჩვენმა კითხვამ, ჩაშლილი ტენდერების ფონზე, ვინ გაწმენდდა მუნიციპალიტეტის გზებს, მაშინ მერის გაღიზიანება გამოიწვია და გვითხრა, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო. 

მანვე გვითხრა, რომ გასული წლის, ამავე მიზნით გამოცხადებული ტენდერიდან მორჩენილი თანხით გააგრძელეს ხელშეკრულება შპს “ჯავახ ავტო გზა”- სთან