ახალციხეში აუზის მშენებლობა შეჩერებულია

August 1, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში, სპორტული კომპლექსის და აუზის მშენებლობის, თითქმის 11 მილიონნახევრიანი პროექტი შეჩერებულია. როგორც მშენებელი ჩინური კომპანია “ნანთონ სანძიენ ჯორჯია”-ს წარმომადგენელი გვეუბნება, ფინანსური პრობლემების გამო კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა და დასაქმებული პერსონალის ნაწილი გაათავისუფლა.

ანა გელნავას თქმით, ფინანსური პრობლემების მიზეზი, სამშენებლო მასალებზე ფასების მატებაა. 

ახალციხეში, სპორტული კომპლექსის და აუზის მშენებლობის ტენდერი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2020 წლის აგვისტოში, 11 604 343 ლარზე გამოაცხადა, კონკურსში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგან სამუშაოებისთვის ყველაზე ნაკლები, 11 404 096 ლარი, სწორედ “ნანთონ სანძიენ ჯორჯიამ” (შპს სნთს.ჯბ ) შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა.

12 მილიონ ლარამდე აუზისთვის და სპორტული კომპლექსისთვის — ახალციხე

აქვთ თუ არა ინფორმაცია მშენებლობის შეჩერების შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდში და აპირებენ თუ არა სატენდერო დოკუმენტის გადახედვას და თანხის მომატებას? კითხვებით ჩვენ ფონდს დავუკავშირდით, თუმცა მათ ინფორმაციის საჯარო წესით გამოთხოვა შემოგვთავაზეს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მგფ-მ კომპანიას თანხის 41 % , 4 650 198 ათასი ლარი უკვე გადაუხადა. 

საკითხის “მოკითხვას” დაგვპირდნენ ახალციხის მერიაშიც. 

რაც შეეხება კომპანიას, იგი საქართველოში 2019 წლის 5 აპრილს დაფუძნდა. ტენდერების მონიტორის გვერდის მიხედვით, კოპანიამ 4 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ორში გაიმარჯვა. მას სპორტული კომპლექსი უნდა აეშენებინა ახალციხეში და ზუგდიდში.

ჩვენ ასევე ვცადეთ, “ნანთონ სანძიენ ჯორჯია”-ს წარმომადგენელთან დაკავშირება, თუმცა როგორც საჯაროდ  მითითებულ ნომერზე გვითხრეს, თანამშრომელთა შემცირებაში თვითონაც მოყვა და დირექტორი, რომელიც კომპეტენტურ პასუხებს გაგვცემდა ჩინეთში იმყოფება.

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ