ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისთვის 450 000 ლარის გამოყოფა იგეგმება

January 10, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობისთვის 450 000 ლარის ოდენობის ტენდერს აცხადებს — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

გამარჯვებულ კომპანიას ევალება 50 000 ლარზე მეტი ოდენობის პროექტების მონიტორინგი და საექსპერტო დასკვნების დაწერა.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ მუნიციპალიტეტში 2022 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მონიტორინგი უნდა გაუწიოს. ასევე, კომპანიას ევალება მიმდინარე წელს დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე.

გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამონიტორინგო სამუშაოები 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს. განცხადებების მიღება 25 – 28 იანვრამდე იწარმოებს.