ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

October 11, 2021

ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს საქმეზე დაკავებულ სამ პირს (პირველი სართულის ბინის მფლობელს და 2 მუშას) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს,- ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. 

აღნიშნულ პირებს ბრალი პირველ სართულზე, ბინაში სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის მონგრევაში ედებათ, რამაც შესაძლოა კორპუსის ნგრევა გამოიწვია. წინასასამართლო სხდომა 1-ლ დეკემბერს დაინიშნა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათგან 3 – ბავშვი. 

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძება სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.