ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცული თანამშრომლების პრობლემებს ომბუდსმენი შეისწავლის

June 8, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები ისევ პიკეტირებულია. უკვე მეცხრე დღეა, რაც თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და ამ დრომდე ითხოვენ გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და დავალიანების დარიცხვას. დღეს, გაფიცულებს სოლიდარობა სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულმა პროფკავშირის წევრებმა გამოუცხადეს. 

პროფკავშირების წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის თქმით, მედიაციის პროცესი, დასაქმებულებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ მედიატორს შორის უშედეგოდ დასრულდა. შრომის ინსპექციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება. 

როგორ ესახება ბორჯომის ქარხანაში მიმდინარე პროცესების მოგვარება სამცხის დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს. ჩვენ მასთან დაკავშირებას რამდენიმე დღეა ვცდილობთ, თუმცა იგი არც ჩვენს ზარებს და არც შეტყობინებებს პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის დასაქმებულთა ნაწილი 31 მაისს გაიფიცა. ისინი გათავისუფლებული  50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და ორი თვის ანაზღაურებას ითხოვენ. კომპანიაში მიმდინარე კრიზისის ფონზე ხელფასების ზრდის მოთხოვნა, კრიზის ხელოვნურ გამწვავებად არის აღქმული, ხოლო 2 თვის ხელფასების დაგვიანებასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ხელფასი ერიცხება, მათ ვინც ქარხნებში მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს.