“გაგრაში ხანძრის კერები ლიკვიდირებულია” – დე ფაქტო აფხაზეთი

January 8, 2021

დე ფაქტო აფხაზეთის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ლოკალური ხანძრების ჩაქრობა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ხანძრის ლოკალიზებას უარყოფს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს. 

მათი ინფორმაციით, გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.

„გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩასაქრობად გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილების და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები გაიგზავნა. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის დაშლა მოხერხდა, ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა,“ – ვკითხულობთ ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ,რომ დახმარების მიზნით ცხელი ხაზი 5 იანვრიდან ამოქმედდა. მათივე თქმით ამის შესახებ ინფორმირებულია დე ფაქტო მთავრობაც.

“საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.” – გვეუბნებიან უწყებაში.

მოვლენებთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია შერიგების სამინისტროს პოზიცია, უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით 2 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი 4 იანვრის ღამეს გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ის სწრაფად გავრცელდა.