გავხსნათ გულწრფელი დიალოგი – ღარიბაშვილი მელიას დაკავების შემდეგ

February 23, 2021

“გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი”, – ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე  მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

„ ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე. ,“- თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში ირაკლი ღარიბაშვილმა შსს მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელია კრიმინალია. პრემიერ- მინისტრს არ უპასუხია ჟურნალისტების კითხვებზე საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით, რაც ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.

ამ წუთებში ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.

————–

მანამდე ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობდნენ ოპოზიციური პარტიებიც. მათ თავდაპირველად 25 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციაც გადადეს. 

“ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა და კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია“- აცხადებდნენ ოპოზიციაში. 

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დამტკიცდა, რაც გიორგი გახარია ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის მოტივით თანამდებობიდან გადადგა. 

მომხდარის გამო ნიკა მელიას დაკავება შსს-მ რამდენიმე დღით გადადო, დღეს დილით კი საპოლიციო ღონისძიებით სამართალდამცავებმა ის ენმ-ის ოფისში დააკავეს.

ავტორი: ნატალია ნემსაძე