გროსმაისტერი პოლიტიკაში, გულდასაწყვეტი, თამამი, ღირსეული – მმართველი პარტია ივანიშვილსა და პოლიტიკიდან მის წასვლაზე

January 11, 2021

გროსმაისტერი პოლიტიკაში, დემოკრატიულობის გამოვლინება, თამამი და მორალური სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება – ასე აფასებენ მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილს და მის გადაწყვეტილებას წავიდეს პოლიტიკიდან უკვე მეორედ და დატოვოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის წასვლით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გუნდზე გადადის, თუმცა აქვე იმედს გამოთქვამენ, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდებიან. ის რომ, თავმჯდომარეს გუნდი “ღირსეულად ჩაენაცვლება” დარწმუნებულია თავად ივანიშვილიც.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მათივე შეფასებით, ეს დემოკრატიულობის გამოვლინებაცაა. ანრი ოხანაშვილის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მიუთითებს, რომ ის დემოკრატიული ფასეულობების მქონე ადამიანია.

«მას არასოდეს არ ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა. მან ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. პოლიტიკაში მუდმივად დარჩენის სურვილი არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება» — ამბობს ანრი ოხანაშვილი მედიასთან.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის შესაფასებლად ჭადრაკის ენას იყენებს ირაკლი კობახიძე. პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი – ამბობს კობახიძე.

“ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა. თუმცა, მან საზოგადოებას აჩვენა იმის მაგალითი, რომ სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს სიცრუესა და ბოროტებაზე. პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და ახალი კონსტიტუციური წესრიგი დაამკვიდრა.

მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების მითითებისა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის პრობლემაა, ფაქტს “ქართულ ოცნებაში” უარყოფენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ე.წ. არაფორმალური მმართველი არასდროს ყოფილა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის ღიად ერთვებოდა მმართველობის პროცესში.

«ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით და ეს ასეც იქნება. ჩვენ ალბათ, ამ დღეებში ძალიან ბევრ აბსურდულ ნარატივს, მესიჯს ვნახავთ ოპოზიციის მხრიდან, ისინი ეცდებიან რომ ეს ერთი მხრივ თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულონ. თუ ვინმეს მიაჩნია რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, ეს არის მძიმე შეცდომა — აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარტიული თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს დილით გაავრცელა. მიზეზად ივანიშვილი იმას ასახელებს, რომ მისი „მისია შესრულებულია“. ბიძინა ივანიშვილის მოვალეობას პარტიის წესდების თანახმად, დროებით კახა კალაძე შეასრულებს ვინ დაიკავებს საბოლოოდ ვაკანტურ პოსტს მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ.

პირველად ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ წავიდა. 2013 წლის ნოემბერში მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადადიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, იგი პოლიტიკაში ოფიციალურად 2018 წელს დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარე გახდა.