დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

February 5, 2021

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. 

“ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრალდების მხარე ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძეს 6 თვე მოხდილად ეთვლება – სწორედ ეს დროა გასული მას შემდეგ, რაც ის ცხინვალის ციხეში იმყოფება. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.