დიდ ქალაქებში მოსწავლეები სწავლას კვლავ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ

January 15, 2021

დიდ ქალაქებში მოსწავლეები სწავლას კვლავ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ

დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

“18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.”- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ სკოლებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და სკოლების მონიტორინგს განახორციელებს.

ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხდა, რომ „ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები“.

სკოლები სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე 28 ნოემბრის შემდეგ გადავიდა. მანამდე კორონავირუის პრევენციის მიზნით სკოლები დახურული იყო დიდ ქალაქებში.